- 2026-01-01 06:53:10
ტურიზმის განვითარების ბიუჯეტი 65 მლნ ლარზე მეტი იქნება
2026 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ფარგლებში ძირითადი ცვლილებები შემდეგია: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულება გაზრდილია 16 მილიონი ლარით და 65 მილიონ ლარს აჭარბებს; მთის კურორტების დაფინანსება გაზრდილია 10 მილიონი ლარით; საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის დამატებით გამოიყოფა 10 მილიონ ლარზე მეტი და პროგრამის დაფინანსება 156 მილიონ ლარს აჭარბებს; რკინიგზის სამგზავრო ნაწილის სუბსიდირებისთვის დამატებით გამოყოფილია 7 მილიონი ლარი; აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტის თანხა განისაზღვრა 35 მილიონი ლარის ოდენობით; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრება 50 მილიონი ლარით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.